Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი აშშ-ს ადანაშაულებს სირიაში რუსი გენერლის დაღუპვაში


სირიაში დაღუპული რუსი გენერალ-ლეიტენანტი, ვალერი ასაპოვი
სირიაში დაღუპული რუსი გენერალ-ლეიტენანტი, ვალერი ასაპოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს სირიაში რუსი გენერლის, ვალერი ასაპოვის დაღუპვაში. რიაბკოვის 25 სექტემბრის ამ განცხადების ფონია სირიაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ძალების სახიფათოდ ახლოს მისვლა აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ის მიერ გაწვრთნილ და აღჭურვილ მეამბოხეებთან. უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი დაიღუპა ქალაქ დეირ ალ-ზორის მახლობლად ჭურვებით განხორციელებული თავდასხმისას. საინოფრმაციო სააგენტოების, მათ შორის „რია ნოვოსტის“ ცნობით, რიაბკოვმა რუსი გენერლის დაღუპვას უწოდა „სირიაში ამერიკელების ფარისევლური პოლიტიკის შედეგი“. მოსკოვი და ვაშინგტონი სირიის ომში ემხრობიან სხვადასხვა ძალას, თუმცა ორივე ძალა ებრძვის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“ და წინ მიიწევს აღმოსავლეთ სირიაში, ერაყის მახლობლად. სირიის მთავრობის ჯარებმა, რომლებიც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და ირანთან დაკავშირებული მეომრების დახმარებით იბრძვიან, კონტროლი დაამყარეს დეირ ალ-ზორის უდიდეს ნაწილზე. ხოლო აშშ ეხმარება მეამბოხეებს, რომლებიც ქურთების ხელმძღვანელობით იბრძვიან „სირიის დემოკრატიულ ძალებთან“ ერთად და მათ 20 სექტემბერს გამოაცხადეს, რომ მალე დაიპყრობენ ექსტრემისტების მთავარ დასაყრდენ ქალაქს, რაყას, რომელიც დეირ ალ-ზორის ჩრდილოეთით მდებარეობს. იმის გამო, რომ ვაშინგტონისა და მოსკოვის დახმარებით მოქმედი ძალები ერთმანეთის მახლობლად ებრძვიან „ისლამურ სახელმწიფოს“, ბევრი შიშობს, რომ ბრძოლაში შესაძლოა ჩათრეული აღმოჩნდნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ აშშ-ისა და რუსეთის საჰაერო ძალებიც. მოსკოვს ვაშინგტონი გაფრთხილებული ჰყავს, რომ დაუყოვნებლივ მიიღებს საპასუხო ზომას, თუ ქურთი მებრძოლები იერიშს მიიტანენ სირიის მთავრობის ჯარებზე.

XS
SM
MD
LG