Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის დაცემის წლისთავის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განცხადება გაავრცელა ქართულ და აფხაზურ ენებზე


სოხუმის დაცემიდან 24-ე წლისთავის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გაავრცელა ქართულ და აფხაზურ ენებზე. „1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს“ - ნათქვამია განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადეს და ეს იყო ძმათამკვლელი ომი, უდიდესი მსხვერპლითა და ოკუპირებული ტერიტორიებით, ასობით ათასი ადამიანი კი თავის მიწა-წყალზე დევნილად იქცა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ და მას გამარჯვებული არ ჰყავს. „ამ ომს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ბოლო 24 წლის განმავლობაში სწორედ მათი ბრძოლა და თავგანწირვა იყო მაგალითი იმ ბიჭებისთვის, რომლებსაც სამწუხაროდ, არაერთხელ მოუწიათ ქართული მიწისთვის თავდადება. ჩვენ ვამაყობთ მათით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღარ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები“ - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველები მზად არიან აფხაზ ძმებთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ, აღვადგინოთ ძმობა და სიყვარული, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის აკავშირებდა და აღვადგინოთ ნდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა. მინდა დავარწმუნო აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, მხოლოდ ერთიანი ძალით ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელშიც ჩვენი შვილები თანხმობითა და კეთილდღეობით იცხოვრებენ. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევქმნათ უკეთესი ქვეყანა“ - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG