Accessibility links

დაღესტნის ლიდერი რამაზან აბდულატიპოვი გადადგომას აპირებს


დაღესტნის ლიდერმა, რამაზან აბდულატიპოვმა, გამოაცხადა, რომ გადადგომას აპირებს. როგორც მან 27 სექტემბერს უთხრა რადიო „გოვორიტ მოსკვას“, დღის ბოლომდე ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართავს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით. 71 წლის აბდულატიპოვმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა თავისი ასაკი და ის გარემოება, რომ, მისი თქმით, დაღესტანი ამოყვანილია „ძალიან ღრმა კრიზისიდან“. დაღესტანსა და ჩრდილოეთ კავკასიის ზოგ სხვა რესპუბლიკაში ხშირია შეტაკებები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მეამბოხეებს შორის. დაპირისპირება გრძელდება ჩეჩნეთის ომების შემდეგ. აბდულატიპოვი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის კადრია და 2013 წლის იანვარში დაინიშნა დაღესტნის მთავრობის მეთაურად. ბოლო დღეებში, 25 სექტემბრიდან მოყოლებული, პუტინმა მოხსნა ორი რეგიონის, სამარისა და ნიჟნი ნოვგოროდის, სტაჟიანი ლიდერები და მათ ნაცვლად უფრო ახალგაზრდა ხელმძღვანელები დანიშნა. როგორც მედია იუწყება კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, მომდევნო დღეებში კიდევ რამდენიმე რეგიონის მეთაურებს გამოცვლიან. საკადრო ცვლილებები, როგორც ჩანს, უკავშირდება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს. მოსალოდნელია, რომ პუტინი მორიგი, მეოთხე ვადითაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას და იოლად გაიმარჯვებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG