Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევად შეაფასა ყირიმის სასამართლოს განაჩენი


ევროკავშირმა ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევად შეაფასა რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, თავისუფლება 2 წლით აღეკვეთა ყირიმელი თათრების მეჯლისის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ილმი უმეროვს. ევროკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის კავშირი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და შესაბამისად, არ აღიარებს იქაურ სასამართლოს და მის განაჩენს. ევროკავშირის შეფასებით, ილმი უმროვისთვის თავისუფლების აღკვეთა ყირიმელი თათრების დევნის კიდევ ერთი მაგალითია და თვალნათლივ ადასტურებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე სერიოზულად გაუარესებულია ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ევროკავშირი მოელის, რომ გაუქმდება ილმი უმეროვისთვის გამოტანილი განაჩენი. ევროპის კავშირი უპირობოდ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სასამართლომ ილმი უმეროვი დამნაშავედ ცნო რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებებში. სიმფეროპოლის რაიონული სასამართლოს მიერ 27 სექტემბერს გამოტანილი განაჩენით, უმეროვი 2 წელს კოლონიაში გაატარებს და ამდენივე ხნით აეკრძალება საჯარო საქმიანობა. ილმი უმეროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია სანქციების გამკაცრება, რათა რუსეთი იძულებული გახდეს დატოვოს ყირიმი და დონბასი.

XS
SM
MD
LG