Accessibility links

ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, აამოქმედოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები


ამერიკელი სენატორები ბენ კარდინი და ჯონ მაკკეინი

გავლენიანი ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და დემოკრატი ბენ კარდინი, შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწოდებენ, აამოქმედოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები, რომლებიც ბოლოხანს დაამტკიცა კონგრესმა. 29 სექტემბრის წერილობით მიმართვაში, ორი სენატორი აღნიშნავს, რომ კონგრესი „აქტიურ მეთვალყურეობას“ გაუწევს კანონს, რომელიც რუსეთის მიმართ უკვე მოქმედ სანქციებს ახალი დამსჯელი ზომებით აფართოვებს და პრეზიდენტს უძნელებს სანქციების ერთპიროვნულად გაუქმებას. დონალდ ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ემხრობა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მაგრამ მას მოუწია 2 აგვისტოს ხელი მოეწერა კონგრესის მიერ მხარდაჭერილი კანონისათვის. მოგვიანებით მან გააკრიტიკა კონგრესი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვისათვის და არ გამორიცხა, რომ სრულად არ აამოქმედებს ახალი კანონით გათვალისწინებულ სანქციებს. ახალი კანონით, მაგალითად, სანქციები უწესდება რუსეთის ენერგოპროექტებთან დაკავშირებულ კომპანიებს და უცხოეთის ბანკებს, რომლებიც ასეთი პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG