Accessibility links

კატალონიაში 40-მდე ადამიანი დაშავდა რეფერენდუმის დროს პოლიციელებთან შეტაკებისას


კატალონიაში, სადაც იმართება რეფერენდუმი ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის საკითხზე, სულ ცოტა, 38 ადამიანი დაშავდა პოლიციელებთან შეტაკებებისას. ადგილობრივი ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთაგან მძიმე მდგომარეობაშია სამი ადამიანი. ესპანეთის ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა რეფერენდუმი და მიმართავს ზომებს მისთვის ხელის შესაშლელად. საარჩევნო უბნებზე პოლიციელები უპირისპირდებიან კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველებს. ბარსელონის მერმა ადა კოლაუმ ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება დაადანაშაულა მშვიდობიანი მოსახლეობისადმი ძალადობაში და გადადგომისაკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის. მადრიდი მკაცრად გააკრიტიკა კატალონიის ადმინისტრაციის უფროსმა, კარლეს პუჩდემონმაც, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობას ემხრობა. მისი აზრით, რეფერენდუმისათვის ხელის შესაშლელად პოლიციის მიერ ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენება არის „ყოვლად გაუმართლებელი ძალადობა“ და ქმნის „ესპანეთის საშინელ იმიჯს“. პოლიციამ კატალონიის რამდენიმე ქალაქში მიმართა ძალას საარჩევნო უბნებთან მისული ხალხის გასაფანტად. არიან დაკავებულებიც და პოლიცია ახდენს საარჩევნო ურნების კონფისკაციას. ასეთი ზომების მიუხედავად, ზოგ საარჩევნო უბანში მუშაობა გძელდება. კატალონიის ხელმძღვანელობა აპირებს, ამაღამ გამოაცხადოს რეფერენდუმის წინასწარი შედეგები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG