Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიაში 460-ს გადააჭარბა პოლიციელებთან დაპირისპირებისას დაშავებულთა რიცხვმა


კატალონიაში ასობით ადამიანი დაშავდა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დროს პოლიციელებთან დაპირისპირებისას. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს და პოლიციელებს დაევალათ მისთვის ხელის შეშლა. ბარსელონის მერის, ადა კოლაუს მონაცემებით, დაშავდა 460-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაშავებულია 12 პოლიციელი და დაკავებულ იქნა სამი ადამიანი.

სამინისტროს ინფორმაციით, კატალონიის სხვადასხვა კუთხეში დაიხურა 90-ზე მეტი საარჩევნო უბანი. ცნობების თანახმად, პოლიციელები ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ზოგ საარჩევნო უბანში, ხოლო ბარსელონის ცენტრში რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შექმნილ ვითარებას მიიჩნევენ ესპანეთში ბოლო ათწლეულების უმძიმეს კონსტიტუციურ კრიზისად. კატალონიის მთავრობა მადრიდს „სისასტიკეში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უშუალოდ ევროკავშირს მიმართავს ვითარებაში ჩარევის თხოვნით. ბარსელონის მერმა გადადგომისაკენ მოუწოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, მარიანო რახოის. კატალონიაში 5,3 მილიონამდე ამომრჩეველია. ბევრი, ვინც არ ემხრობა დამოუკიდებლობას, რეფერენდუმამდე ამბობდა, რომ არ აპირებდა მასში მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG