Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური ოპონენტები ტყუილში დაადანაშაულა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უდიდესი უსამართლობა უწოდა თანაინვესტირების ფონდის მიერ დაფინანსებული „თაბორის პროექტის“ გამო, ოპონენტების ბოლოდროინდელ განცხადებებსა და ქმედებებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სიმართლეა მხოლოდ ის, რომ თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის ანალოგის არმქონე, ყველასთვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით და რეკრეაციული ზონით. „არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ამ ყველაფრის ზღვარი. ჩვენ ვხედავთ ამ ზღვარს იქით გადასულ ადამიანებს. ისინი არიან გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. რაც შეეხება პუშკინის სკვერთან მდებარე ტერიტორიას, რომლის მითვისებაშიც ოპოზიცია ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სინამდვილეში საუბარია სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე ავტოსადგომის მშენებლობაზე. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 ავტოსადგომს ააშენებენ, რადგან ეს მომსახურება, მისი ღირებულებიდან გამომდინარე, ბიზნესად ვერ იქცა. „ეს ადამიანი, აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ბოტანიკური ბაღის მითვისება. სინამდვილეში კი, საუბარია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სულ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობები, რომელზეც მშენებლობაა გათვალისწინებული, გამწვანდეს და მოირწყას. ყველაფერს და მათ შორის ტყუილსაც საზღვარი აქვს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, სიმართლე უფრო თამამად თქვან. „ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?! საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებით თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია. რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია და გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG