Accessibility links

ნავალნის მხარდამჭერები 7 ოქტომბრის აქციებისათვის ემზადებიან


ალექსეი ნავალნი

კრემლი აფრთხილებს დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მომხრეებს, ნუ გამართავენ უსანქციო დემონსტრაციებს, და აცხადებს, რომ კანონის დამრღვევებს სამართლებრივი დევნა მოელით. ასეთი გაფრთხილებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი პესკოვი, 3 ოქტომბერს მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას. მანამდე ნავალნის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის მასშტაბით გაიმართება საპროტესტო აქციები 7 ოქტომბერს - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაბადების დღეს.

მაგრამ აქციები 41 წლის ნავალნის გარეშე ჩაივლის: 2 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ მას 20 დღით პატიმრობა შეუფარდა, რის გამოც ის ვერ შეძლებს მონაწილეობას პუტინის მშობლიურ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში 7 ოქტომბრისთვის დაგეგმილ მიტინგში. წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უკვე მესამედ დააპატიმრეს. მან სასამართლოს ვერდიქტს უწოდა „დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის პუტინისაგან“ და მხარდამჭერებს მოუწოდა, გააგრძელონ მისი საარჩევნო კამპანია და საპროტესტო აქციები.

მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნიმ გასულ წელს გამოაცხადა, რომ 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რუსეთის სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა მისი 60-ზე მეტი საარჩევნო შტაბი. ისინი მოქმედებენ, მიუხედავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებისა, რომ ნავალნის არა აქვს კანდიდატად რეგისტრაციის უფლება ნასამართლეობის გამო. საქმე ეხება მის გასამართლებას ფინანსურ დანაშაულში ბრალდებით, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

ბოლო თვეებში რამდენიმე თავდასხმა მოეწყო ალექსეი ნავალნიზე, რომელიც რუსეთში წამყვან ოპოზიციონერ პოლიტიკოსად ითვლება, და მის მხარდამჭერ აქტივისტებზე. თავდასხმებს შორის იყო 27 აპრილის ინციდენტი, როცა ნავალნის სახეში შეასხეს ანტისეპტიკური საშუალება „ბრილიანტის მწვანე“. მას ოპერაცია დასჭირდა, რადგან მარჯვენა თვალში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

სასამართლოში ნავალნის საქმის, ჯერჯერობით, ბოლო განხილვა მოჰყვა მის დაკავებას 29 სექტემბერს მოსკოვში, როცა აპირებდა ნიჟნი ნოვგოროდში გამგზავრებას, იქ საპროტესტო აქციაზე დასასწრებად. იმავე დღეს დააკავეს ნავალნის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, ლეონიდ ვოლკოვი. 2 ოქტომბერს ვოლკოვსაც მიუსაჯეს 20 დღით პატიმრობა. მან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG