Accessibility links

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიისგან დადებით შემაჯამებელ დასკვნას ელოდება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იტალიის ქალაქ ვენეციაში დაესწრება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას. 6 ოქტომბერს დანიშნულ სხდომამდე ირაკლი კობახიძე შეხვდება ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს და კომისიის მდივანს, თომას მარკერტს. „გვექნება საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ ტექსტზე, რომელიც დამტკიცდება ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე“ - განუცხადა ვენეციაში გამგზავრების წინ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მოლოდინი პოზიტიურია, რადგან არსებობს ვენეციის კომისიის წინასწარი, დადებითი დასკვნა და ის შესაძლოა, მხოლოდ მცირედით შეიცვალოს. 26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით ორის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული, საკონსტიტუციო კანონპროექტების პაკეტი. მანამდე, 21 სექტემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ გამოაცხადა, რომ კონსტიტუციის მიღების შემდეგ წარმოადგენს ორ ახალ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას და 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ე.წ. ბონუსის გარეშე, რათა მანდატები პროპორციულად განაწილდეს პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე, რომელიც მიიღებს ხმების 5%-ზე მეტს. 22 სექტემბერს, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის მიმართ ადრე გამოთქმულ დადებით შეფასებას, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განხორციელდეს მაქსიმალური კონსენსუსის პირობებში. ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოში კონსენსუსის გზაზე მთავარ დაბრკოლებას ქმნის ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2024 წლის არჩევნებამდე გადადოს მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამასთან, ვენეციის კომისია მიესალმა საპარლამენტო უმრავლესობის მზადყოფნას, 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკების შენარჩუნების და საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირების შესახებ. ოპოზიციური პარტიების უმთავრესი მოთხოვნაა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უკვე მომდევნო, 2020 წლისთვის გაუქმდეს და შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG