Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-ს გადასცემენ კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეს


პიოტრ ლევაშოვი მადრიდში სასამართლოს სხდომაზე
პიოტრ ლევაშოვი მადრიდში სასამართლოს სხდომაზე

ესპანეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აშშ-თვის რუსეთის მოქალაქის, კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი პიოტრ ლევაშოვის გადაცემის შესახებ. გამოძიების ვერსიით, ლევაშოვმა შექმნა ფართომასშტაბიანი ბოტნეტი - ქსელი სპამის გასავრცელებლად. ლევაშოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიის ოფიცერია და მმართველი „ერთიანი რუსეთისათვის“ აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების შესახებ. მას ამერიკის რამდენიმე შტატში აქვს წაყენებული ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 20 სექტემბერს ესპანეთს ლევაშოვის ექსტრადიციის თხოვნით მიმართა რუსეთმაც. ლევაშოვმა ესპანეთის სასამართლოს უთხრა, რომ აგროვებდა „სხვადასხვა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების შესახებ“ და დაკავებული იყო „ამ ინფორმაციის საჭირო ხალხისათვის საჭირო დროს მიწოდებით“. „ერთიანი რუსეთი“ უარყოფს, რომ ლევაშოვი მისთვის მუშაობდა. 36 წლის პეტერბურგელი პიოტრ ლევაშოვი 2017 წელს დააკავეს ესპანეთში. ის ეჭვმიტანილია ჰაკერულ თავდასხმებში, მათ შორის, აშშ-ში არჩევნებთან დაკავშირებულ დანაშაულებში. თუმცა, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევაშოვის საქმე არ ეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. ბოტნეტი, რომლის შექმნაშიც მას ადანაშაულებენ, არის მავნე პროგრამიანი კომპუტერების ქსელი და მათი მართვა შესაძლებელია ისე, რომ კომპიუტერების მფლობელებმა არ იცოდნენ. ამერიკელი გამომძიებლების შეფასებით, ლევაშოვი, სულ ცოტა, 10 წელი ავრცელებდა სპამს.

XS
SM
MD
LG