Accessibility links

ტრამპი ირანის მიმართ პოლიტიკის თაობაზე მომავალ კვირაში ილაპარაკებს


აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, ამ ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ირანის მიმართ პოლიტიკის შესახებ სიტყვას წარმოთქვამს, ალბათ, მომავალ კვირაში. დადგენილი ვადით, ტრამპმა კონგრესს 15 ოქტომბერს უნდა დაუდასტუროს, იცავს თუ არა ირანი 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების პირობებს და ემსახურება თუ არა შეთანხმება ამერიკის ინტერესებს. ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც არ ისურვეს ვინაობის გამხელა, განაცხადეს ოთხ ოქტომბერს, რომ ვაშინგტონში ტრამპის გამოსვლის წინასწარ ვადად დადგენილია 12 ოქტომბერი. თუ ადმინისტრაცია ამ დროისთვის განმეორებით არ დაადასტურებს, რომ თეირანი შეთანხმებას ემორჩილება, კონგრესი, რომელშიც უპირატესობა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, უფლებამოსილია, 60 დღის განმავლობაში გადაწყვიტოს, კვლავ შემოიღოს თუ არა სანქციები, რომლებიც ირანს გაუუქმეს შეთანხმების შესაბამისად. ამერიკის კანონის თანახმად, სანქციები შეიძლება გაუქმებულ იქნეს 120 დღის განმავლობაში. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობამ ყოველ ოთხ თვეში უნდა განიხილოს ვითარება. 2015 წელს დადებული შეთანხმებით, თეირანი დათანხმდა, შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა მისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების სანაცვლოდ. შეთანხმებას თეირანთან ერთად ხელი მოაწერეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და გერმანიამ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვადის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპს მიაწვდის სათანადო ინფორმაციას ირანის ბირთვული შეთანხმების გარშემო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG