Accessibility links

უკრაინიდან გააძევეს ბოლო კვირებში უკვე მეორე რუსი ჟურნალისტი


უკრაინიდან გააძევეს რუსეთის ტელევიზიის კორესპონდენტი, ვიაჩესლავ ნემიშევი, რომელსაც „ცრუ, ანტიუკრაინული“ რეპორტაჟების მომზადებაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია ენტევე-ს კორესპონდენტის დეპორტაციის შესახებ 5 ოქტომბერს გამოაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურმა. ნემიშევი მეორე რუსი ჟურნალისტია, რომელიც უკრაინიდან ბოლო ხუთ კვირაში გააძევეს „რუსული პროპაგანდის გავრცელებისათვის“. მას სამი წლით აეკრძალა უკრაინაში ჩასვლა. უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებით, ნემიშევი 4 ოქტომბერს კიევში დააკავეს „მცირე დარღვევისთვის“ და პოლიციამ მას უპოვა აკრედიტაცია, რომელიც გაცემული აქვთ დონეცკელ სეპარატისტებს. უშიშროების სამსახურის შეფასებით, ნემიშევმა „ავნო უკრაინის ეროვნულ ინტერესებს“ 2016-2017 წლებში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე მუშაობით, რადგან იქ „რუსი ხელმძღვანელების დავალებით ამზადებდა ცრუ ანტიუკრაინულ“ რეპორტაჟებს. ნემიშევის დეპორტაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, 30 აგვისტოს, მსგავსი ბრალდების საფუძველზე უკრაინიდან გააძევეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „პირველი არხის“ კორესპონდენტი ანა კურბატოვა. მის გაძევებას მოჰყვა კიევის მიმართ კრიტიკა პრესის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლისა და პრესის თავისუფლების სხვა დამცველებისაგან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG