Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის „რადამ“ მიიღო სადაო კანონი დროებით ოკუპირებული დონბასის თაობაზე


უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“ 6 ოქტომბერს ხმათა უმრავლესობით, პირველი მოსმენით მიიღო ორი სადაო კანონიდან ერთ-ერთი, „დროებით ოკუპირებულ დონბასში, უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფის შესახებ“. კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა, ხმა მისცა 229-მა დეპუტატმა. კენჭისყრის წინ, მმართველი პარტიის „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წარმომადგენლებმა, ალყა შემოარტყეს ტრიბუნას, რათა არ მიეცათ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისათვის კენჭისყრის ჩაშლის შესაძლებლობა, როგორც ეს 5 ოქტომბერს მოხდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ. იუწყებიან, რომ პოლიციამ შენობის წინ ოპოზიციური რადიკალური გაერთიანება „ნაციონალური კორპუსის“ რამდენიმე წევრი დააკავა. კანონპროექტის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება უკრაინის მოქალაქეების ქონებრივი უფლება. ხოლო საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, შესაბამის ტერიტორიებზე წყდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება, ხოლო კონტროლს ახორციელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და არა უკრაინის უშიშროების სამსახური. უკრაინის საპარლამენტო ოპოზიცია სახიფათოს უწოდებს კანონპროექტების იმ მუხლს, რომელიც დონბასის რეინტეგრაციის პროცესში მინსკის შეთანხმებებს ეყრდნობა, რითაც, ოპონენტების თქმით, კიევი სეპარატისტების მმართველობის ლეგიტიმაციას ახდენს.

XS
SM
MD
LG