Accessibility links

გადადგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, პედრო აგრამუნტი


თანამდებობიდან გადადგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე, პედრო აგრამუნტი. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პირადმა გარემოებებმა“ აიძულა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. აპრილის ბოლოს ასამბლეამ უნდობლობა გამოუცხადა აგრამუნტს, მაგრამ ვერ შეძლო მისი გადაყენება, რადგან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი არ ითვალისწინებდა ასეთ პროცედურას. მოგვიანებით ასამბლეის დელეგატებმა წარმოადგინეს შუამდგომლობა აგრამუნტისათვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. ამასთან, მას აუკრძალეს ორგანიზაციის სახელით განცხადებების გაკეთება. ივნისიდან ასამბლეის თავმჯდომარის ფუნქციებს ასრულებს ასამბლეის 19 ვიცე-პრეზიდენტი. აგრამუნტის გადაყენების საკითხი წამოიჭრა მას შემდეგ, რაც მან უხელმძღვანელა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების დელეგაციას სირიაში ვიზიტისას. აგრამუნტმა განაცხადა, რომ სირიაში გაემგზავრა „მშვიდობის მხარდასაჭერად“, მაგრამ მოგვიანებით მან „შეცდომა“ უწოდა ამ ვიზიტს. აგრამუნტი ასევე მხარს უჭერდა დიალოგის განახლებას რუსეთის დელეგაციასთან, რომელსაც ხმის უფლება ჩამოერთვა ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG