Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ნავალნის მომხრეებმა აქციები გამართეს პუტინის დაბადების დღეს


რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართეს საპროტესტო აქციები - რომლებიც მათ დაამთხვიეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 65-ე დაბადების დღეს. პოლიციამ ასობით მოქალაქე დააკავა. აქციები და პიკეტი მოეწყო რუსეთის ათობით ქალაქში - მათ შორის მოსკოვში, ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკში, ულან-უდეში, ჩიტაში და სტავროპოლში. ამ ქალაქებში აქციები ინციდენტების გარეშე დასრულდა. მოსკოვში განთავსებული ჯგუფი OVD-Info, რომელიც აღრიცხავს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების შემთხვევებს, აცხადებს, რომ საღამოს რვა საათისთვის სულ მცირე 262 მოქალაქე იყო დაპატიმრებული, 27 ქალაქში. თუმცა ნავალნის მიერ წარსულში ორგანიზებული აქციებისგან განსხვავებით, ამ ჯერზე პოლიციას უხეში ძალა არ გამოუყენებია. მარტში პოლიციამ მხოლოდ მოსკოვში დააკავა 1000 მოქალაქე.

​7 ოქტომბრის აქციებზე ყველაზე მეტი მოქალაქე დააკავეს პუტინის მშობლიურ ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "რუსეთი პუტინის გარეშე" და "პუტინო, წადი". თავად ნავალნი ამჟამად დაკავებულია - მოსკოვის სასამართლომ უარყო მისი აპელაცია 20-დღიანი პატიმრობის შესახებ, რომელიც მას მიესაჯა უსანქციო დემონსტრაციებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 3 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, უსანქციო აქციებისკენ და შეხვედრებისკენ საჯარო მოწოდებები უკანონოა და, შესაბამისად, ამგვარი ღონისძიებების ორგანიზატორები კანონის წინაშე აგებენ პასუხსო. ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებდა მონაწილეობა მიიღონ დემონსტრაციებში - რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70-ზე მეტ ქალაქში ტარდება - და ამით მხარი დაუჭირონ "პოლიტიკურ კონკურენციას" ქვეყანაში, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

XS
SM
MD
LG