Accessibility links

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნა გაიზიარა


ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გაავრცელა განცხადება საქართველოს კონსტიტუციის შესახებ. „ევროკავშირმა წლის დასაწყისშივე გამოთქვა მოლოდინი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საფუძვლიანი შესწორებების შეტანა ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი კონსულტაციების საფუძველზე წარიმართებოდა და განამტკიცებდა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ მივესალმეთ საქართველოს პარლამენტის მტკიცე განზრახვას ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების გამართვისა და მისი რეკომენდაციების კონსტიტუციაში სრულად ასახვის შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს. ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადების გამო და გამოთქვამს რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას რელიგიის თავისუფლების და მართლმსაჯულების საკითხებზე. „რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციურ ძალებსა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული“ - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობა ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოთქვამს რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა, შემოიღებს 3%-იან ბარიერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, განაგრძონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG