Accessibility links

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები


თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღევანდელ სხდომას დაესწრებიან მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა. მისი განმარტებით, საკრებულოს შენობასთან პოლიციის მობილიზება და უსაფრთხების ზომების გამკაცრება განაპირობა წინა სხდომის ჩაშლის მცდელობამ და 2 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისის მერიასთან ორგანიზებულ აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა. 2 ოქტომბერს, აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა და 6 პირის დაკავებით დასრულდა. გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს ვალდებულებაა დაიცვას მოქალაქეების ინტერესები და იზრუნოს თბილისის განვითარებაზე, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა კი მიზნად ისახავს საკრებულოს მუშაობისთვის ხელისშეშლას და ეს ცხადყო წინა სხდომის ჩაშლის მცდლობამ და მერიასთან სამართალდამცავების შეურაცხყოფამ და ინფრასტრუქტურის დაზიანებამ. ჟურნალისტების შეკითხვას, მისცემენ თუ არა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დასწრების უფლებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, გიორგი ალიბეგაშვილმა უპასუხა, რომ „მათ არაერთგზის დააანონსეს, რომ მათი მიზანია საკრებულოს სხდომის ჩაშლა,“ ამიტომ ამის უფლებას არავის მისცემენ. თბილისის საკრებულოს სხდომაზე დასწრებას თანაპარტიელებთან ერთად გეგმავენ თბილისის მერობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან,“ პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG