Accessibility links

საქართველომ და ევროკავშირმა უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგი დაიწყეს


მიხეილ ჯანელიძე

დღეს, 11 ოქტომბერს თბილისში გაიმართა უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა. სხდომა გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და პარტნიორია, ჩართულია ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში და თავისი წვლილი შეაქვს ევროპასა და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. მინისტრის შეფასებით, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება ადასტურებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია შემდგომშიც ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. „ისეთი გამოწვევები, როგორიცაა ჰიბრიდული ომი, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, კიბერდანაშაული, ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული, რომლებიც სულ უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ხდება, შეუძლებელია გადაწყდეს თანამშრომლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის გარეშე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაში აქტიური ჩართულობისთვის. უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის პირველ სხდომას უხელმძღვანელეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-კრისტოფ ბელიარდმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა. უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირთან მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყებას უმნიშვნელოვანესი მიღწევა უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. „რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა და უპრეცედენტო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, რაც ადასტურებს საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს და ქვეყნის როლს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირთან სტრატეგიული დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება რუსეთთან კონფლიქტი და მისი მშვიდობიანად გადაჭრის გზების ძიება

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG