Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იდენტიფიცირებულია აფხაზეთში კონფლიქტის დროს დაღუპული კიდევ 25 ადამიანის ნეშტი


სოხუმი
სოხუმი

იდენტიფიცირებულია აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული კიდევ 25 ადამიანის ნეშტი და მათ შორის არიან სოხუმის ყოფილი მერი, გურამ გაბესკირია და უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკი, მამია ალასანია - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა. „ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში, უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიული შარტავასთან ერთად. მათ ყველა შანსი ჰქონდათ, რომ თავი გადაერჩინათ, მაგრამ არჩიეს ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისათვის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, გურამ გაბესკირიასა და მამია ალასანიასთან ერთად, აფხაზეთიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების არიკ შენგელიას და ვახტანგ გეგელაშვილის, საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაცვის და „ავღანელთა ბატალიონის“ წევრების და მშვიდობიანი მოქალაქის, მარია მოსიძის ნეშტები. სოზარ სუბარის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გაიხსნა 28 სამარხი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. მინისტრის ცნობითვე, ბოლო წლებში სულ იდენტიფიცირებულია აფხაზეთში, გასული საუკუნის 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 101 ადამიანის ნეშტი, რომლებიც ოჯახებს გადაეცა. „ზოგადად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და გადმოსვენების პროცესი ძალიან კარგი ტემპით მიდის, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და აფხაზურ მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პროცესი დინამიკურად წავიდეს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

XS
SM
MD
LG