Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 41-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 10-11 ოქტომბერს გაიმართა. სამინისტროს განცხადებით, თბილისის დელეგაციამ ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართულ მცდელობად და ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასა დევნილი ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების განადგურება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვში და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, თავად მოინახულონ ცხინვალის რეგიონში განადგურებული ქართული სოფლები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, დღის წესრიგის ერთ-ერთი მწვავე თემა იყო გალის რაიონში ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაც, მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება და ქართული გვარებისა და ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულება და გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა. ქართულმა მხარემ ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეაფასა საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებაც, არ დააკავოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან და საქართველოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი გადაადგილებისა და მოქალაქეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე წვდომის აუცილებლობას. დღის წესრიგში იყო საოკუპაციო ხაზებზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის და მავთულხლართების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგები და მშვიდობიანი მოქალაქეების უკრანონოდ დაკავების პრობლემა. თბილისის დელეგაციამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელებად შეაფასა მოსკოვის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, სოხუმში გახსნას სპეციალური საბაჟო პუნქტი. ქართულმა მხარემ კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთმა აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ამ მექანიზმის განხილვაზე, რითიც უგულვებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს. სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან, აქცენტი გააკეთეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე, თუმცა, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ჰუმანიტარული პრობლემის პოლიტიზება და საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკების ოთახი. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 42-ე რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG