Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გადის იუნესკოდან ისრაელის წინააღმდეგ „მიკერძოების“ გასაპროტესტებლად


აშშ აცხადებს, რომ გადის გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან, იუნესკოდან, რომელსაც ადანაშაულებს ისრაელის წინააღმდეგ „მიკერძოებაში“. როგორც იუწყებიან, აშშ-მა უკვე შეატყობინა გაეროს ამ უწყებას თავის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძალაში შევა 31 დეკემბრიდან. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა 12 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ აშშ შექმნის „სადამკვირვებლო მისიას“, რომელიც 31 დეკემბრიდან დაიკავებს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ადგილს იუნესკოში. იუნესკოს ხელმძღვანელმა, ირინა ბოკოვამ „ღრმა სინანული“ გამოთქვა აშშ-ის გადაწყვეტილების გამო, რომელსაც უწოდა „დანაკარგი მულტილატერალიზმისათვის“. ვაშინგტონს იუნესკოს დაფინანსება შეწყვეტილი აქვს მას შემდეგ, რაც გაეროს ამ უწყებამ 2011 წელს წევრად მიიღო პალესტინა, თუმცა აშშ ინარჩუნებს თავის ოფისს იუნესკოს პარიზის შტაბ-ბინაში. ვაშინგტონმა 1980 წელსაც დატოვა იუნესკო „პოლიტიკური მიზნებისათვის“ მისი გამოყენების გასაპროტესტებლად. 1983 წელს ის კვლავ დაუბრუნდა გაეროს ამ სააგენტოს.

XS
SM
MD
LG