Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთი „პოკემონ გოუს“ გამოყენებითაც შეეცადა აშშ-ის არჩევნებში ჩარევას


აშშ-ის ტელეარხ CNN-ის ინფორმაციით, რუსეთმა მობილური აპლიკაცია „პოკემონ გოუც“ გამოიყენა აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩასარევად. საქმე ეხება კამპანიას „ნუ გვესვრით“, რომელიც ვრცელდებოდა „პოკემონ გოუს“ თამაშითაც, ისევე როგორც ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ტვიტერსა და იუთუბზე.CNN-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგებით, ამ პლატფორმებით ვრცელდებოდა შეტყობინებები აშშ-ში პოლიციის მხრიდან აფროამერიკელებზე ძალადობის ფაქტების შესახებ. „პოკემონ გოუს“ მოთამაშეებს აძლევდნენ დავალებას, რომ პოკემონებისათვის დაერქმიათ პოლიციის ძალადობის მსხვერპლთა სახელები. CNN-ის ინფორმაციით, კამპანია ჩაატარა რუსეთის საინტერნეტო კვლავათა სააგენტომ, რომელიც ცნობილია, როგორც „ტროლების ფაბრიკა“. მედიასაშუალებების ცნობით, ამ ორგანიზაციას აფინანსებს ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წრეს მიაკუთვნებენ. ჟურნალისტური გამოძიების ავტორთა შეფასებით, კამპანიის ორგანიზატორების მიზანი იყო, ერთი მხრივ, აფროამერიკელებში უკმაყოფილების მატება და, ამავე დროს, შავკანიანთა გაძლიერებული აქტივიზმით დანარჩენ ამერიკელებში შეშფოთების გამოწვევა. სანქტ-პეტერბურგში „ტროლების ფაბრიკის“ არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წელს, როცა რუსეთის „ახალმა გაზეთმა“ გამოაქვეყნა ორგანიზაციის საქმიანობაზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგები. ორგანიზაციის თანამშრომლებს, სავარაუდოდ, ევალებათ სოციალურ ქსელებში ისეთი ინფორმაციისა და მოსაზრებების გავრცელება, რომლებიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კრემლი მასობრივი მხარდაჭერით სარგებლობს.

XS
SM
MD
LG