Accessibility links

კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ მადრიდს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გასცა


კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა 10 ოქტომბერს მოაწერა ხელი "დამოუკიდებლობის დეკლარაციას"

კატალონიის ავტონომიური ოლქის მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, გამოაცხადა, თუ არა მადრიდისგან გამოუკიდებლობა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრისთვის, მარიანო რახოისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც ესპანურმა მედიასაშუალებებმა 16 ოქტომბერს გამოაქვეყნეს, პუჩდემონი რახოის სთავაზობს რაც შეიძლება სწრაფად შეხვდნენ და განსაზღვრონ დიალოგის წარმოების ორთვიანი ვადა. „ჩვენი წინადადება დიალოგის შესახებ გულწრფელია, მიუხედავად ყველაფერისა, რაც მოხდა“ - ნათქვამია წერილში. 11 ოქტომბერს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ კატალონიის ადგილობრივ ლიდერს, კარლეს პუჩდემონს მიმართა, 16 ოქტომბრის შუადღემდე გაეცა პასუხი შეკითხვისთვის, გამოაცხადა თუ არა მხარის დამუკიდებლობა. მადრიდმა პასუხი მას შემდეგ მოითხოვა, რაც 10 ოქტომბერს, კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა და მთავრობის მეთაურმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ. თუმცა, კარლეს პუჩდემონმა მაშინ განმარტა, რომ დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება რამდენიმე კვირით გადაიდებოდა მადრიდთან დიალოგის აუცილებლობის გამო. კატალონიის ავტონომიურ ოლქში 1 ოქტომბერს ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ამომრჩეველთა 43%-მა. რეგიონის ხელისუფალთა ინფორმაციით, ესპანეთისგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა რეფერედუმში მონაწილეთა 90%-მა. 19 ოქტომბერს იწურება მადრიდის მიერ კატალონიის ადგილობრივი მთავრობისთვის წარდგენილი კიდევ ერთი ულტიმატუმის ვადა. ესპანეთის მთავრობა მოითხოვს, რომ რეგიონის ხელისუფლება დაუბრუნდეს ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეს და უარი თქვას დამოუკიდებლობის გამოცხადების განზრახვაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მადრიდი კატალონიას ემუქრება ავტონომიის სტატუსის გაუქმებით და რეგიონული მთავრობის დაშლით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG