Accessibility links

აშშ ერაყის მთავრობას და ქურთთა ლიდერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს


ერაყის არმიის სამხედრო ტექნიკა ქირქუქში. 2017 წლის 16 ოქტომბერი

აშშ-მა სიმშვიდისკენ მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას და ადგილობრივ ქურთებს მას შემდეგ, რაც 16 ოქტომბერს სამთავრობო ძალებმა დაიკავეს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქურთებით დასახლებული ქალაქი ქირქუქი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია ცნობებით ძალადობის შესახებ და ვითარებას ყურადღებით აკვირდება. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს ერაყის კონსტიტუციის შესაბამისად, ცენტრალური და რეგიონული მთავრობების ერთობლივ, მშვიდობიან მმართველობას ქვეყნის ყველა სადავო ოლქში და ოფიციალურ პირებთან მუშაობს დაძაბულობის შემცირების და დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. ვაშინგტონმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან ამით შესაძლოა, ისარგებლონ ერაყის მტრებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა მხარეს შეახსენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერაყში ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, ამიტომ ერაყელებსა და ქურთების შორის დაძაბულობას ყურადღება გადააქვს ამ მნიშვნელოვანი მისიიდან. ქირქუქში ერაყის სამთავრობო ძალების შესვლამდე სამი კვირით ადრე, 25 სექტემბერს, ქურთების ავტონომიურ რეგიონში ჩატარდა რეფერენდუმი ერაყის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ, რომელიც ბაღდადმა უკანონოდ გამოაცხადა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ქირქუქის ოპერაცია აუცილებელი იყო ქვეყნის ერთიანობის დასაცავად. ერაყის მთავრობის ინფორმაციით, ქურთების გასამხედროებული დაჯგუფების, „პეშმერგის“ წევრებმა ქალაქი უბრძოლველად დატოვეს. თუმცა, 16 ოქტომბერს გავრცელდა არაერთი ცნობა შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ. ერაყის ხელისუფალთა ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ქირქუქის მიღმაც დაიკავეს რამდენიმე ობიექტი, მათ შორის სამხედრო ბაზა, აეროპორტი და ნავთობის საბადო. ქურთების დაჯგუფება „პეშმერგა“ 2014 წლიდან აკონტროლებს ქირქუქის პროვინციის დიდ ნაწილს. ერაყელი ქურთები აქტიურად იბრძვიან რადიკალური დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG