Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო აფხაზეთში, 24 წლის წინ დაღუპულთ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში მიაგო პატივი ხსოვნას აფხაზეთში დაღუპული იმ 25 ადამიანისა, რომელთა ნეშტების მოძიება 24 წლის შემდეგ მოხერხდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაწილეობით. მათ შორის არიან სოხუმის ყოფილი მერი, საქართველოს ეროვნული გმირი, გურამ გაბესკირია, უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკი, მამია ალასანია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები, არშაველი შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი და საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაცვის და „ავღანელთა ბატალიონის“ წევრები. ისინი 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. „დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი შესაბამისი პატივით მიწას მივაბაროთ. მინდა, მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, მამია ალასანია წარდგენილია ეროვნული გმირის წოდებაზე, კიდევ 9 მათგანი კი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და აფხაზურ მხარეს. „საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი და მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG