Accessibility links

მადრიდი კატალონიის ლიდერს აფრთხილებს მისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე


ესპანეთის ვიცე-პრემიერი, სორაია საენს დე სანტამარია

ესპანეთის მთავრობა აცხადებს, რომ გააუქმებს კატალონიის ავტონომიურ სტატუსს, თუ რეგიონის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, უარს არ იტყვის დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობაზე. ესპანეთის ვიცე-პრემიერი სორაია საენს დე სანტამარია ასეთი გაფრთხილებით გამოვიდა 18 ოქტომბერს, პუჩდემონისათვის მიცემული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე. პუჩდემონმა 19 ოქტომბრის 10 საათამდე უნდა განმარტოს, აცხადებს თუ არა ესპანეთისაგან კატალონიის დამოუკიდებლობას, ამ საკითხზე 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ. მადრიდი უკანონოდ მიიჩნევს რეფრენდუმს. ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი მადრიდს ანიჭებს უფლებამოსილებას, პირდაპირ მართოს რეგიონი, თუ ის არ ასრულებს სამართლებრივ ვალდებულებებს. კატალონიაში 1 ოქტომბერს ჩატარებულ რეფერენდუმში, რომელშიც ამომრჩეველთა 43% პროცენტი მონაწილეობდა, ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მიემხრო 90%. რეფერენდუმის შემდეგ პუჩდემონმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, მაგრამ გადადო მისი ამოქმედება და მადრიდს მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა. 17 ოქტომბერს კატალონიაში ათასობით ადამიანი შეუერთდა დემონსტრაციებს სეპარატისტული მოძრაობის ორი ლიდერის დაკავების გასაპროტესტებლად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG