Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტრიბუნალი ემზადება რატკო მლადიჩის საქმეზე ვერდიქტის გამოსაცხადებლად


გაეროს ტრიბუნალი მომავალ თვეში გამოაცხადებს ვერდიქტს ბოსნიელი სერბების ყოფილი სარდლის, გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული რატკო მლადიჩის საქმეზე, რომლის განხილვაც ხუთ წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიწყო. სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელიც ყოფილ იუგოსლავიასთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობს, 18 ოქტომბერს გაავრცელა ცნობა, რომ 22 ნოემბერს გამოაცხადებს ვერდიქტს მლადიჩის საქმეზე. 74 წლის მლადიჩს წაყენებული აქვს გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებისა და სამხედრო დანაშაულთა ბრალდებები 1992-95 წლებში ბოსნიის ომის დროს ჩადენილი ქმედებებისათვის. მაშინ ის სერბი სამხედროების სარდალი იყო. ბრალდებებს შორის არის 1995 წლის ივლისში ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 8000-ზე მეტი ბიჭისა და მამაკაცის დახოცვის ხელმძღვანელობა. ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი, რომელიც მლადიჩის პოლიტიკური მოკავშირე იყო, შარშან დამნაშავედ ცნეს და 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მლადიჩი ბოლო ბრალდებულია, რომლის საქმესაც იუგოსლავიაში ჩადენილი დანაშაულებისათვის გასასამართლებლად შექმნილი ტრიბუნალი განიხილავს. ის 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და 31 დეკემბერს შეწყვეტს მოქმედებას.

XS
SM
MD
LG