Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი ნაბიჯებს დგამს კატალონიის ავტონომიის გასაუქმებლად, რეგიონული ლიდერი გმობს "რეპრესიას"


ესპანეთის მთავრობამ რიგგარეშე შეხვედრა დანიშნა 21 ოქტომბერს, საიმისოდ, რომ დაიწყოს კატალონიის ავტონომიის გაუქმების პროცედურა - მას შემდეგ, რაც რეგიონის ლიდერი დამოუკიდებლობის გამოცხადების მუქარით გამოვიდა. პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის ოფისმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ კაბინეტი შეიკრიბება კონსტიტუციის 155-ე მუხლის მოქმედებაში მოსაყვანად, რაც მადრიდს საშუალებას მისცემს რეგიონს პირდაპირი მმართველობა დაუწესოს, იმ შემთხვევაში, თუ კატალონია არ დაემორჩილება კანონის წინაშე მის ვალდებულებებს. ახლა მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს ზომები, რომელთა გატარებაც სურს კატალონიის მიმართ და შემდეგ ისინი ესპანეთის სენატს წარუდგინოს დასამტკიცებლად. კატალონიის ლიდერი, კარლეს პუჩდემონი, რომელსაც ცენტრალურმა მთავრობამ 19 ოქტომბრამდე მისცა ვადა დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე უარისთვის, გამოდის გაფრთხილებით, რომ რეგიონული პარლამენტი კენჭს უყრის ესპანეთისგან გამოყოფას, თუ მადრიდი "გააგრძელებს რეპრესიას". კამათის საგნად ქცეული 1 ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდიმის შემდეგ პუძდემონმა ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, თუმცა შემდეგ შეაჩერა მისი განხორციელება და გამოვიდა მადრიდთან მოლაპარაკების მოწოდებით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო კატალონიის ელექტორატის დაახლოებით 43-მა პროცენტმა. რეგიონული ხელისუფლება ამბობს, რომ მათგან 90 პროცენტი დამოუკიდებლობას მიემხრო და რეფერენდუმის შედეგები კანონიერია. ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმს უკანონოდ აცხადებს.

XS
SM
MD
LG