Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადაში ძალაში შევიდა აშშ-ის „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი კანონი


2009 წელს გარდაცვლილი რუსი იურისტი, სერგეი მაგნიტსკი
2009 წელს გარდაცვლილი რუსი იურისტი, სერგეი მაგნიტსკი

კანადაში ძალაში შევიდა „კორუმპირებული უცხოელი ოფიციალური პირების მსხვერპლთა შესახებ კანონი“, რომელიც აშშ-ში 2012 წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ მსგავსი დოკუმენტია. მანამდე დოკუმენტს მხარი დაუჭირა კანადის პარლამენტის ორივე პალატამ. კანონი ითვალისწინებს იმ უცხოელთა აქტივების გაყინვას და კანადაში შესვლის აკრძალვას, ვისაც კანადის ხელისუფლება მიიჩნევს დამნაშავედ ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში. პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობისას აღნიშნავდნენ, რომ „მაგნიტსკის კანონი“, პირველ რიგში, შეეხება ოფიციალურ პირებს რუსეთიდან, ვენესუელიდან, ირანიდან, ვიეტნამიდან და ბირმიდან. აშშ-მა 2012 წელს მიიღო „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს გარდაიცვალა მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში. ის დააკავეს, როცა მუშაობდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მითვისებასთან დაკავშირებული მსხვილმასშტაბიანი კორუფციული სქემის გამოსააშკარავებლად. კანადაში „მაგნიტსკის კანონის“ ამოქმედებას მალევე, 19 ოქტომბერს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მან გადაწყვეტილებას უწოდა „არაკონსტრუქციული პოლიტიკური თამაში“. როგორც პუტინმა სოჭში, „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის სხდომაზე თქვა, ამ თემას დასავლეთში იყენებენ „ანტირუსული ისტერიის გასაღვივებლად“.

XS
SM
MD
LG