Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ირანთან შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია


ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს ერთგულება ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმებისადმი, რომლის თანახმად, საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, თეირანმა უნდა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ 19 ოქტომბერს, ღამით ბრიუსელში განაცხადა, რომ ეს შეთანხმება ევროკავშირის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებშია. გვიან ღამით, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს მოლაპარაკებები განაგრძოს აშშ-ის კონგრესთან და ყველაფერი გააკეთოს შეთანხმების შესანარჩუნებლად. 13 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი არ ასრულებს შეთანხმების პირობებს, ამიტომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მტრულ აქციებს და იზრუნებს, რომ ირანმა ვერასდროს შექმნას ბირთვული იარაღი. პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესს 60 დღიანი ვადა მისცა თეირანის საწინააღმდეგო სანქციების განახლებისთვის. აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა ირანთან ორი წლის წინ მიაღწიეს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების გაუქმების შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG