Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს ანდრეი ბაბიშს


ანდრეი ბაბიში
ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის რესპუბლიკაში პარასკევს დაიწყო პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც 10 მილიონიანი ცენტრალური ევროპის ქვეყნის ამომრჩევლები 200 წევრიანი პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებს აირჩევენ. არჩევნებში გამარჯვებისა და მომავალი კოალიციური მთავრობის ფორმირების ყველაზე მეტი შანსი აქვს მილიარდელ პოლიტიკოსსა და ქვეყნის ყოფილ ფინანსთა მინისტრ, ანდრეი ბაბიშს, რომელსაც „ჩეხ ტრამპს“ უწოდებენ. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად მოძრაობა „ანოს“, რომელსაც სათავეში უდგას ბაბიში, გამოკითხულთა 25-30%-ი უჭერს მხარს და მნიშვნელოვნად უსწრებს მის მთავარ მეტოქეს მემარცხენე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. „ჩვენ გვჭირდება ხმების მაქსიმუმი, გვჭირდება, რომ ადამიანები მოვიდნენ არჩევნებზე და გააცნობიერონ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი არჩევნები“, - განაცხადა ბაბიშმა ხუთშაბათს გამართული ბოლო ტელედებატების დროს. მოძრაობა „ანო“ ილაშქრებს მიგრანტთა კვოტისა და ბრიუსელის დიქტატის წინააღმდეგ და პირობა სდებს, რომ ბოლოს მოუღებს კორუფციას და გააძლიერებს უსაფრთხოების სიტემას. გამოკითხვების შედეგად ამომრჩეველთა ხმების 10,5 %-ის მიღება შეუძლია ჩეხეთისა და მორავიის კომუნისტურ პარტიას, ხოლო 9,5 - ტოკიოში დაბადებული ბიზნესმენის, ტომიო ოკამურას „თავისუფლებისა და თავისუფალი დემოკრატების“ ალიანსს, რომელსაც ღიად უჭერენ მხარს ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერები და მათ შორის საფრანგეთი „სახალხო ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი. ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს ორდღიანი არჩევნები შაბათს 20:00 საათზე დასრულდება.

XS
SM
MD
LG