Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ამასთან, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა გამოავლინეს საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა და სავარაუდოდ, ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი გამოიხატება იმით, რომ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორების გვერდით, უკან, ან ნაკადის მომწესრიგებელთან დგანან „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაციის, „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ, მათ ვინაობას და სიაში რეგისტრაციის ნომერს. ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები იყო დიდუბის, ნაძალადევის, მთაწმინდის და კრწანისის საარჩევნო ოლქების რამდენიმე უბანზე. „ჩვენი დამკვირვებლების შენიშვნის შემდეგ, კონტროლი ცალკეულ შემთხვევებში შეჩერდა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები მკაცრად გაკონტროლდეს როგორც უბნის თავმჯდომარეების, ასევე ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა დილის 10 საათისთვის დაწერეს 6 საჩივარი და 9 შენიშვნა. ორგანიზაციის მიერ გამოვლენილ დარღვევებს შორისაა არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა, ზოგიერთი უბნის დაგვიანებით გახსნა და წილისყრის პროცედურების დარღვევა.

XS
SM
MD
LG