Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება


საარჩევნო უბანი თბილისში
საარჩევნო უბანი თბილისში

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტება გააკეთა ზოგიერთი პარტიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის და ასევე, ტელეფონით მიღებულ შეტყობინებებზე, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები რეგისტრატორებთან ამოწმებენ ამომრჩეველთა მონაცემებს და იწერენ სიაში რეგისტრაციის ნომერს. ცესკოს განცხადებით, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც დაკვირვების უფლებით სარგებლობენ, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან. „ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება“ - ნათქვამია ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. კომისიის განმარტებითვე, საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს დაკვირვების უფლების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება. მიუხედავად ამისა, ცესკო მიმართავს უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს და სუბიექტების წარმომადგენლებს, საქმიანობა განახორციელონ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის გარეშე და არ გასცდნენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

XS
SM
MD
LG