Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ცესკოს განმარტებას არასწორად მიიჩნევს


არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, კენჭისყრის მიმდინარეობისას ყველაზე პრობლემურია ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის ყველა ოლქში შეიმჩნევა. კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, თითქმის ყველა იმ უბანზე, სადაც „საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს“ სტატიკური დამკვირვებლები იმყოფებიან, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები სამაგიდო სიებიდან აღრიცხავენ მისულ ამომრჩეველს რიგითი ნომრებით. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობითვე, ამ მხრივ, ძირითადად აქტიურობენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები. „სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი იმ პირისა რომელმაც ხმა მისცა. ამ ფაქტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და ეს ქმედება გამოყენებულ იქნას ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციას მიაწოდა საბურთალოს ოლქის 21-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესთან, ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის აცხადებს, რომ დაუკავშირდა „ქართულ ოცნებას,“ კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს და მან უთხრა, რომ რიგითი ნომრების ჩაწერა პრობლემა არ არის, მთავარია, რომ პირადი ნომერი არ ჩაინიშნონ. „შეუძლებელია გაკონტროლდეს, კონკრეტული პირი იწერს მხოლოდ ამომრჩევლის სიით ნომერს, თუ პირად ნომერსაც. ცესკოს განცხადება,რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. ამ ტიპის დარღვევებზე ჩვენ მიერ ყველა უბანზე დაიწერება შესაბამისი საჩივარი“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაში. ორგანიზაციამ ცესკოს მოუწოდა, აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა, დაინტერესდეს ამ საქმით.

XS
SM
MD
LG