Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია კანონმდებლობით აკრძალული ქმედების შეწყვეტას მოითხოვს


არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციამ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სამწუხარო უწოდა ცესკოს განმარტებას, რომ ამომრჩეველთა სიაში, ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი საჯარო ინფორმაციაა, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა. „სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებში ვერ ხედავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და ამით ხელს უწყობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს“ - ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობა იმპერატიულად განმარტავს, რომ ერთიანი სიის სამაგიდო ვერსია არ არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად, არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირებისათვის, ცესკოს 2012 წლის დადგენილებით კი, კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი, სამაგიდო ვერსია. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, „ამომრჩეველთა მონაცემების ჩანიშვნის ფაქტები და მათი მასშტაბი სერიოზულ ეჭვებს აჩენს, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია არა უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობის, არამედ ვინაობის დადგენა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი, რაც გამოიხატება უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის აღრიცხვაში და არმისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებაში, რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა.“ არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს და ყველა შესაბამის სუბიექტს მოუწოდებს, იმოქმედონ საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით და უზრუნველყონ კანონმდებლობით აკრძალული ქმედებების შეწყვეტა.

XS
SM
MD
LG