Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დამყარებას


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი

ესპანეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რომლის საფუძველზეც პირდაპირ მმართველობას დაამყარებს კატალონიის ავტონომიურ ოლქზე. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ გამოაცხადა, რომ დათხოვნილი იქნებიან კატალონიის რეგიონული პარლამენტი და მთავრობა, მათი უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებას გადაეცემა, კატალონიის ადგილობრივი პარლამენტის ახალი არჩევნები კი მისი დათხოვნიდან ექვს თვეში ჩატარდება. მარიანო რახოიმ აღნიშნა, რომ ესპანეთის ხელისუფლებას არ სურდა კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენება, თუმცა, კატალონიის მთავრობამ აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების შესახებ, უნდა დაამტკიცოს პარლამენტის ზედა პალატამ, სენატმა. კატალონიის ავტონომიურ ოლქში 1 ოქტომბერს ჩატარდა მადრიდის მიერ უკანონოდ გამოცხადებული რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე. რეგიონული ხელისუფლების ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ამომრჩეველთა 43%-მა და მათგან 90%-მა მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას. 10 ოქტომბერს, რეგიონული პარლამენტის წევრებმა და მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუჩდემონმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ. თუმცა, პუჩდემონმა მაშინვე განმარტა, რომ დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება რამდენიმე ხნით გადაიდებოდა მადრიდთან დიალოგის მიზნით. თავის მხრივ, ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ადგილობრივი მთავრობის მეთაურს მოთხოვა 19 ოქტომბრამდე ეთქვა უარი დამოუკიდებლობის გამოცხადების განზრახვაზე. ულტიმატუმის საპასუხოდ კარლეს პუჩდემონი მადრიდს დაემუქრა, რომ თუ მოლაპარაკებებს არ დათანხმდება და რეპრესიებს არ შეწყვეტს, კატალონიის პარლამენტი დამოუკიდებლობას ოფიციალურად გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG