Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: ღამე კარავში გავათენე


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ღამე გაატარა კიევში, პარლამენტის შენობასთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში. 25 ოქტომბერს დილით, სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ს აცნობა, რომ ამ კარვით ერთხელ უკვე ისარგებლა ოდესის გუბერნატორად მუშაობისას, როცა უკრაინის მთავრობა აიძულეს დაეფინანსებინა ოდესა-რენის ავტომაგისტრალის მშენებლობა. „პირველ ჯერზე გზა ავაშენეთ, ახლა კი უკრაინის სახელმწიფო უნდა ავაშენოთ“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. კიევში, უკრაინის პარლამენტთან კვირაზე მეტია კარვებია გაშლილი და მიმდინარეობს აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორია სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ახალ ძალთა მოძრაობა.“ აქციის მონაწილეები მოითხოვენ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის და სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას. 25 ოქტომბერს, NewsOne-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესრულების შემდეგ დაიშლებიან. სააკაშვილის თქმით, სამი მოთხოვნის შესრულებას და შესაბამისი კანონების მიღებას განიხილავს პირველ ნაბიჯად არსებული სისტემის შესაცვლელად, რაც არ მოსწონთ მათ, ვინც უკრაინას ძარცვავს. „სისტემა უნდა შეიცვალოს, რათა არ მივიღოთ კიდევ 10 ახალი პოროშენკო, ან ლუცენკო. მე მშვიდად ვუყურებ იმას, რომ მთელ სიბინძურეს ჩემზე ანთხევენ. მათ სურთ, რომ თავიდან მომიშორონ ფიზიკურად“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 24 ოქტომბერს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები დაადანაშაულა ხელისუფლების მიტაცების მცდელობასა და გადატრიალების მზადებაში. „სააკაშვილმა სახელმწიფო გამოიწვია და სამართალდამცავები მას პასუხს გასცემენ“ - განაცხადა იური ლუცენკომ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG