Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ლარის მოკლევადიან რყევაზე კომენტარს არ აკეთებს


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტის კურსი იმოძრავებს ორივე, ზოგჯერ გაუფასურების და ზოგჯერ გამყარების მიმართულებით. ეროვნული ბანკის მიერ 24 ოქტომბერს, საღამოს დადგენილი ოფიციალური კურსით, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად 3 თეთრით გაუფასურდა და 2,52 ლარი შეადგინა. „დღესაც ბაზარზე მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესი, ანუ იქნება პერიოდი, როდესაც ლარი იქნება სტაბილური რომელიმე ვალუტის მიმართ, იქნება პერიოდი, როდესაც გაუფასურდება და იქნება პერიოდი, როდესაც ლარი გამყარდება“ - განაცხადა 25 ოქტომბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები, საქართველოს ეროვნული ბანკიც არ გააკეთებს კომენტარს ეროვნული ვალუტის მოკლევადიანი რყევების შესახებ. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია სტაბილური ფასების შენარჩუნებაა. „ამავე დროს, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ გააკეთა ინტერვენცია, რაც სიმართლე არ არის, რადგან ზაფხულის შემდეგ ინტერვენცია არ განუხორციელებია. ყველა ის ინტერვენცია, რაც ჩაატარა, იყო მხოლოდ შესყიდვა და წელს ბაზრისგან შევისყიდეთ 130 მილიონი დოლარი. ზოგადად, კარგი იქნება თუ ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს გამოვიჩენთ" - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 25 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7%-ზე დატოვა.

XS
SM
MD
LG