Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მომხდარ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა


უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, იგორ მოსიიჩუკი
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, იგორ მოსიიჩუკი

ორი ადამიანი დაიღუპა კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად. 25 ოქტომბერს საღამოს, კიევში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე აფეთქება მოხდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატის, „რადიკალური პარტიის“ წევრის, იგორ მოსიიჩუკის ავტომობილთან. უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ავტომანქანასთან მოპედი ააფეთქეს. აფეთქების შედეგად დაიჭრნენ იგორ მოსიიჩუკი, მისი მცველი, პოლიტოლოგი ვიტალი ბალა და ორი გამვლელი. მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალნენ დეპუტატის მცველი და ერთ-ერთი გამვლელი, ახალგაზრდა მამაკაცი. კიევში მომხდარ აფეთქებას იძიებს უკრაინის უშიშროების სამსახური, რომელიც რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ინტერნეტგამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ კიევის პროკურატურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამართალდამცავები მომხდარს ტერაქტად აფასებენ. იგორ მოსიიჩუკმა ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მასზე თავდასხმის დამკვეთები მოსკოვში სხედან, შემსრულებლები კი კიეველები არიან. მოსიიჩუკი აღნიშნავს, რომ სიკვდილს გადაურჩა მცველის წყალობით, რომელიც თავად დაიღუპა და 4 წლის შვილი დარჩა. უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი, ოლეგ ლიაშკო მიიჩნევს, რომ იგორ მოსიიჩუკზე თავდასხმა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება და შესაძლოა, ორგანიზებული იყოს პოლიტიკური ოპონენტების მიერ. „ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ტერორისტული აქტია, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ“ - განუცხადა კიევში, ჟურნალისტებს ოლეგ ლიაშკომ. მან სამართალდამცავებს მოუწოდა, საქმე სწრაფად გამოიძიონ და დამნაშავეებს პასუხი აგებინონ.

XS
SM
MD
LG