Accessibility links

დაკავებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს პროკურატურა და ომბუდსმენი იკვლევენ


საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება დაკავებისას მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით, შესაძლო მოსპობას. 25 ოქტომბერს საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში პოლიციელების მიერ დაკავებისას გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. საქართველოს შსს-ს განცხადებით, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, ადგილზე მისულმა ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს, რა დროსაც მათთან მივიდა სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, ის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, გარშემო მყოფ პირებს და პოლიციის თანამშრომლებს. „პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა“ - ნათქვამია შსს-ს მიერ 25 ოქტომბერს, ღამით გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება. ამასთან, რამდენიმე თვითმხილველმა მედიასაშუალებებს აცნობა, რომ დაკავებისას მამაკაცი ამბობდა, რომ შეუძლოდაა, თუმცა პოლიციელებმა არ დაუჯერეს. გარდაცვლილის ზოგიერთი მეზობლის ინფორმაციით, სამართალდამცავებს თავადაც თხოვდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას. „ნეტგაზეთის“ ცნობით, პოლიციის მხრიდან შესაძლო გადაცდომის შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა.


გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG