Accessibility links

ევროკავშირისადმი საქართველოს მოქალაქეთა დადებითი დამოკიდებულება გაიზარდა


ევროკავშირმა შეაჯამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და მოლდავეთში 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები. საქართველოში, აპრილში გამოკითხა შემთხვევით შერჩეული 1000 რესპონდენტი. კვლევის თანახმად, ევროკავშირს ძალიან, ან საკმაოდ დადებითად აღიქვამს გამოკითხულთა 59%. 2016 წელს ჩატარებული კვლევით, ეს მონაცემი 52%-ს შეადგენდა. საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთაგან, რომლებმაც იციან, ან სმენიათ ევროკავშირის შესახებ, მტკიცედ სჯერათ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებულია ისეთი ფასეულობები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება (81%), ეკონომიკური კეთილდღეობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა (თითოეული 79%). ამავე გამოკითხვით, ევროკავშირია ის უცხოური ინსტიტუტი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად ენდობიან. კერძოდ, ევროკავშირს ენდობა 66%, გაეროს 56%, ნატოს 54% და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს 25%. გამოკითხულთა 80%-ზე მეტი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას აღწერს როგორც საკმაოდ, ან ძალიან კარგს. 2016 წლის კვლევით, ეს მაჩვენებელი 75% იყო. რესპონდენტების მხოლოდ 4%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა საკმაოდ, ან ძალიან ცუდია. 2016 წლის გამოკითხვით ასე ფიქრობდა 13%. შარშანდელის მსგავსად, 2017 წელსაც რესპონდენტების დაახლოებით 60%-მა იცის, რომ ევროკავშირი საქართველოს უწევს ფინანსურ დახმარებას და მათგან 74% მიიჩნევს, რომ ეს დახმარება ეფექტურია. 2016 წელს დახმარებას ეფექტურად აფასებდა გამოკითხულთა 59%. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ არ იცის გამოკითხულთა 36%-მა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, EU NEIGHBOURS east-ის ფარგლებში უკვე მეორედ ჩატარებული კვლევის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების მიერ ევროკავშირის აღქმის გაუმჯობესებას, ევროკავშირის პოლიტიკის უკეთ გაგებას და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში, ევროკავშირის რეგიონული და ორმხრივი დახმარებისა და თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით, ამ პოლიტიკის ზემოქმედების გაცნობიერებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG