Accessibility links

გაერომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ასადის ხელისუფლებას დააკისრა


ხან-შეიხუნის დაბომბვის შედეგად დაშავებული, 2017 წლის, 4 აპრილი

სირიის ქალაქ ხან-შეიხუნში ქიმიური ნივთიერების, ზარინის შემცველი იარაღის გამოყენების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის მთავრობას - ნათქვამია გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ერთობლივ ანგარიშში. 26 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ხან-შეიხუნზე 4 იერიში განახორციელეს სუ-ს ტიპის ბომბდამშენებმა, რომლებსაც მხოლოდ სირიის არმია იყენებს. 2017 წლის აპრილში, იდლიბის პროვინციის ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30 ბავშვი. ქიმიური იარაღის გამოყენებაში მაშინვე ასადის მთავრობა დაადანაშაულა აშშ-მა და სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის არმიის საავიაციო ბაზაზე. თავის მხრივ, სირიის მთავრობა ირწმუნება, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, ქიმიური იარაღი 2013 წელს გაანადგურა. სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფდა ბაშარ ასადის ხელისუფლების მოკავშირე რუსეთიც, რომელმაც 2017 წლის აპრილში განაცხადა, რომ სამთავრობო ძალების თვითმფრინავებმა ხან-შეიხუნში დაბომბეს საწყობი, სადაც ექსტრემისტები ინახავდნენ ქიმიურ ნივთიერებებს. სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოსაძიებლად 2015 წელს შექმნილ, გაეროს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტების ერთობლივ მისიას უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება. ამ კვირაში რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, მისიისთვის მანდატის გაგრძელების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG