Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მომხრე ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში


ბარსელონაში ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რომლის ორგანიზატორები ესპანეთის ერთიანობას ემხრობიან. 29 ოქტომბრის შეხვედრა გაიმართა ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც მადრიდმა გააუქმა კატალონიის ავტონომია. მანამდე რეგიონულმა პარლამენტმა გადაწყვიტა გამოეცხადებინა კატალონიის დამოუკიდებლობა. ბარსელონაში გამართული მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: “ყველანი კატალონიელები ვართ, ყველანი ესპანელები ვართ, ერთად დარჩენა გვსურს!“. მსვლელობის მონაწილეები აფრიალებდნენ ესპანეთის სახელმწიფო დროშებს. დემონსტრაციის განწყობილება საზეიმო იყო. ესპანეთის შემადგენლობაში კატალონიის დარჩენის მომხრეებმა მსგავსი გამოსვლა მოაწყვეს 8 ოქტომბერსაც, როცა ასი ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში. 27 ოქტომბერს ათასობით ადამიანი შეიკრიბა ბარსელონის ქუჩებში დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. 28 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი გამოვიდა მოწოდებით, „დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გაუწიონ მადრიდის მიერ რეგიონის მიტაცებას მას მერე, რაც მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ, ადრე, განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ დაიწყო კატალონიაზე უშუალო კონტროლის დამყარების პროცესი, ბათილად გამოაცხადა რა დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული კენჭისყრის შედეგები, გადააყენა სეპარატისტული რეგიონის ლიდერები და დაშალა რეგიონული პარლამენტი. რახოის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კატალონიის პარლამენტმა 70 ხმით ათის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ესპანეთისგან გამოყოფას. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. 27 ოქტომბერს, მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ტელევიზიით გამოსვლისას, რახოიმ დასძინა, რომ 21 დეკემბერს კატალონიაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება და ამით რეგიონის ხელისუფლება „ლეგიტიმურობას დაიბრუნებს“. პარასკევს ესპანეთის სენატმა 214 ხმით 47-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კატალონიაზე მადრიდის უშუალო კონტროლის დამყარებას, ავტონომიის ლიდერ კარლეს პუჩდემონის გადაყენებასა და რეგიონის მთავრობის დაშლას.

XS
SM
MD
LG