Accessibility links

პოლიციელების მიერ დაკავებისას გარდაცვლილის ოჯახი საქმის მასალების გაცნობას ითხოვს


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი ითხოვს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებას და საქმის მასალების გაცნობას. შესაბამისი განცხადებით თბილისის პროკურატურას მიმართა ოჯახის ადვოკატმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, ლევან ვეფხვაძემ. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ასევე ითხოვს, რომ საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს და გამოძიება გაგრძელდეს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. „გაუგებარია პროკურატურისა და შსს-ს განცხადებები და სწორედ ამიტომ დავაჩქარეთ მასალების გაცნობის მოთხოვნა, რათა საბოლოოდ ჩვენც ვნახოთ რა არის რეალობაში“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ. საქართველოს პროკურატურის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი და ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი. 30 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩაწერილია მოქალაქის შეუძლოდ გახდომის მომენტი და არ არის ჩაწერილი დაკავება. საქართველოს პროკურატურა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იძიებს თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში 25 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს, როცა პოლიციელების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი მოითხოვს, რომ მომხდარის გამო თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი. ამ მოთხოვნით 30 ოქტომბერს, 18 საათზე შსს-თან აქცია გაიმართება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG