Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: რა დააშავა კაშიამ?!


გურამ კაშია (მარჯვნივ) ორთაბრძოლისას
გურამ კაშია (მარჯვნივ) ორთაბრძოლისას

თბილისის მერად არჩეული კახა კალაძისთვის გაუგებარია საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა, რომ ლგბტ თემის მხარდაჭერის გამო, ფეხბურთელმა გურამ კაშიამ უნდა დატოვოს საქართველოს ეროვნული ნაკრები. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიუხედავად სარწმუნოებისა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი ხედვები, დააფიქსიროს თავისი აზრი. არ ვიცი, რატომ უნდა გაირიცხოს, რა დააშავა კაშიამ?!” - განუცხადა 31 ოქტომბერს, ჟურნალისტებს კახა კალაძემ. ოქტომბრის შუა რიცხვებში, არნემის “ვიტესის” კაპიტანი, გურამ კაშია ჰოლანდიის სხვა კლუბების კაპიტნების მსგავსად, გუნდს მოედანზე გაუძღვა ლგბტ თემის დროშისფერებიანი სამკლაურით, რამაც ქართველი გულშემატკივრების ნაწილი აღაშფოთა. გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სხვადასხვა ქართული კლუბის მოქმედმა და ყოფილმა ხელმძღვანელებმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა. 30 ოქტომბერს, ლევან კობიაშვილი მუქარაში დაადანაშაულეს გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერით უკმაყოფილო მოძრაობის, „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საპროტესტო აქციებს გეგმავენ. ლევან კობიაშვილმა ბრალდებას აბსურდული უწოდა და კვლავ განაცხადა, რომ ყოველთვის იყო და იქნება ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი ძალადობის მოწინააღმდეგე. 30 ოქტომბერს, გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც. მან მიუღებელი უწოდა ფეხბურთელის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. „ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ. ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა” - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG