Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა დეიტონის ხელშეკრულების დაკარგული ორიგინალი


ბოსნიელი პროკურორის ცნობით, დაკავებულია ბოსნიელი სერბი მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბოსნია-ჰერცეგოვინის 1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების ორგინალური ეგზემპლარის უკანონო მოპოვებაში. ზელიკო კუნტოსი დააკავეს 31 ოქტომბერს და ახლა მას დაკითხვა უტარდებაო, აცხადებს პროკურორი დრაგიცა ტოიაგიცი. აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც დეიტონის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი, შედგა ოჰაიოში, დეიტონის საჰაერო ბაზაზე, ბოსნიის, სერბიის და ხორვატიის პრეზიდენტებს შორის - სამი მხარის, რომელიც ჩართული იყო ბოსნიის კონფლიქტში. ამ კონფლიქტს ემსხვერპლა 100 000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ მოიპოვა კუნტოსმა ეს დოკუმენტი. "მას ის თავის სახლში, პალეში ჰქონდა დამალული, სადაც ჩხრეკის დროს აღმოაჩინესო", ამბობს პროკურორი. პალე სარაევოს შემოგარენში მდებარეობს და 1992-95 წლებში იქ ბოსნიელი სერბების ლიდერთა შტაბ-ბინა იყო განთავსებული. ადგილობრივი მედია ავრცელებს ცნობას, რომ კუნტოსი უწინ მუშაობდა ბოსნიის ეთნიკური სერბების ადმინისტრაციული ერთეულის, რეპუბლიკა სრპსკას პარლამენტის ყოფილი სპიკერის მძღოლად და მცველად. მან ახლახან სცადა დოკუმენტის 60 000 დოლარის ეკვივალენტურ თანხად გაყიდვა, იუწყება ადგილობრივი მედია. ბოსნიის კუთვნილი ორიგინალის დაკარგვის შესახებ 2008 წელს გამოცხადდა და ქვეყანამ ახალი ასლი მიიღო პარიზისგან, სადაც დოკუმენტს ხელი მოეწერა.

XS
SM
MD
LG