Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ალიევმა მოლაპარაკება გამართეს ირანის ლიდერებთან


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თეირანში ირანის ლიდერებთან გამართა მოლაპარაკება, რომელიც შეეხო სირიის კრიზისს, 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ბირთვულ შეთანხმებას და თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. პუტინი ირანში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება, ის შეხვდა პრეზიდენტ ჰასან როჰანის და შემდეგ გაეშურა უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამეინისთან შესახვედრად, იუწყება ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA. მოლაპარაკების დეტალებზე ჯერჯერობით ცნობები არ არის. სამმხრივ მოლაპარაკებაში ასევე მონაწილეობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი - რომელმაც ამგვარ შეხვედრას 2016 წლის აგვისტოში უმასპინძლა. ირანს, რუსეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან აკავშირებს კასპიის ზღვა, სარკინიგზო და გზის პროექტები. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთ-ირანის ორმხრივ მოლაპარაკებებში მთავარი საკითხები სირიასთან იქნება დაკავშირებული, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. სირიის ომში, რომელიც უკვე ექვს წელიწადზე მეტია გრძელდება, რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას, აშშ და თურქეთი კი სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფს. ამავე დროს, რუსეთი არის ერთ-ერთი ხელმომწერი 2015 წელს მიღწეული შეთანხმებისა, რომლის ფარგლებშიც თეირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ბირთვული ხელშეკრულების ხელახალ სერტიფიცირებაზე. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის კანონმდებლები და მოკავშირეები ვერ შესძლებენ "სერიოზული ნაკლოვანებების" გამოსწორებას ხელშეკრულებაში, აშშ მას გამოეთიშება.

XS
SM
MD
LG