Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს


მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი საიფულო საიპოვი
მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი საიფულო საიპოვი

ნიუ-იორკის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა უზბეკეთის მოქალაქეს, საიფულო საიპოვს, რომელიც ეჭვმიტანილია მანჰეტენზე მომხდარ თავდასხმაში. 29 წლის საიპოვი ბრალდებულია 8 ადამიანის მკვლელობასა და ტერიტორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში. პროკურატურის ინფორმაციით, საიპოვმა არ ისარგებლა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის უფლებით და დაკითხვისას განაცხადა, რომ შთაგონებულია ექსტრემისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებით, თავდასხმას ორი თვის განმავლობაში გეგმავდა და სურდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა. 31 ოქტომბერს, საიპოვი ავტომანქანით შეეჯახა ჯერ ველობილიკზე მიმავალ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს. დაიღუპა 8 და დაშავდა 11 ადამიანი. ავტომანქანიდან გადმოსულ თავდამსხმელს, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა, პოლიციელებმა ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, საიპოვს ჰქონდა ორი პისტოლეტი, პნევმატური და პეინტბოლის. საიფულო საიპოვი უზბეკეთიდან აშშ-ში 2010 წელს ჩავიდა და ბინადრობის უფლებით სარგებლობდა. სპეცსამსახურები ეძებენ უზბეკეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ნიუ იორკში 31 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმასთან. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა 32 წლის მამაკაცის ფოტო და განცხადება მისი ძებნის შესახებ. ტელეკომპანია CNN იუწყება, რომ ეს პირი მუჰამადზოირ კადიროვია.

XS
SM
MD
LG