Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნატოს გემები სტუმრობენ


ნატოს გემი REGELE FERDINAND-ი ბათუმის პორტში, 2017 წლის 3 ნოემბერი
ნატოს გემი REGELE FERDINAND-ი ბათუმის პორტში, 2017 წლის 3 ნოემბერი

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით იმყოფებიან ნატოს მუდმივმოქმედი, მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საფლაგმანო გემი REGELE FERDINAND-ი და კიდევ ორი ხომალდი. მათი დახვედრის ცერემონია 3 ნოემბერს გაიმართა ბათუმის პორტში. დელეგაციას ხელმძღვანელობს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი. ნატოს გემების საპორტო ვიზიტის მასპინძლები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბულგარეთის საელჩო. შსს-ს ინფორმაციით, ნატოს მუდმივმოქმედი, მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და მონაწილეობას მიიღებენ ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში, რომელთა მიზანია საქართველოს, ნატოს და მისი პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება. ნატოს მუდმივმოქმედი, მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს. შენაერთი ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ახორციელებს ოპერაციის, „ზღვის მცველის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში, „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. 2014 წლიდან ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სტატუსით მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც ხელს უწყობს ოპერაციის წარმატებით განხორციელებას.

XS
SM
MD
LG